ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მის საქმიანობაში ვანო მერაბიშვილის ჩართულობის შესახებ ინფორმაციას "სამარცხვინო ჭორს" უწოდებს.
გადაცემა პოლიტმეტრში პარტიაში არსებულ უთანხმოებაზე საუბრისას წამყვანმა მას ჰკითხა - "ხშირად მსმენია, რომ ვანო მერაბიშვილის თქვენ ფლანგზე ყოფნა მათ დისკომფორტს უქმნის", რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა:
"გულწრფელად გეტყვით, ჩემ უკან მე რომ ვლაპარაკობ, სადმე ვანო მერაბიშვილს ხედავთ? ვანო მერაბიშვილს სად ვიცნობდი, 2013 წელს ეს ადამიანი დააკავეს და 2020 წლამდე ციხეში იყო. 2013 წლიდან 2020 წლამდე აქტიური ლევან ხაბეიშვილი არ გინახავთ? ამიტომ, ვანო მერაბიშვილი უნდა გაქრეს, არ აქვს უფლება კონკრეტული პოზიციები ჰქონდეს? ვანო მერაბიშვილი რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული იქნება, ეს ვინმეს გაუკვირდება? თუმცა ის, რომ ენმ-ში არაფერ პოზიციას არ იკავებს, ეს ხომ საჯაროა და ყველამ კარგად იცის"- თქვა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ქართული ოცნების ლიდერებისა და სამთავრობო მედიების ნარატივია.
"ეს არის ირაკლი კობახიძის, ტელეკომპანია იმედის, ტელეკომპანია პოსტივის რიტორიკა... ყურით მოთრეული, სამარცხვინო ჭორი"- ამბობს ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილის თქმითვე, მელიას მხრიდან წინა ხელისუფლებაზე იმ კონტექსტში საუბარი, როგორც საუბრობს კობახიძე, "სწორი არ არის"
"მე ხომ ძალიან ცუდი ადამიანი ვიქნებოდი, იგივე წარმატებით რომ დამეწყო - ნიკა მელიას უკან დგას ახალაიები. ცუდად ამ კონტექსტში მოხსენიება იმ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომელიც პასუხისმგებლობას უნდა იზიარებდეს მათ შორის წინა ხელისუფლების საქმიანობის, არ არის სწორი. იგივე პირით ილაპარაკო წინა ხელისუფლებაზე, როგორი პირითაც კობახიძე და იმედი საუბრობენ, არ მიმაჩნია ნორმალურად. მე ხომ არ ვიქნები მართალი ადამიანი, რომ ვთქვა, რომ ახალაიები დგანან მელიას უკან. არ იქნება სწორი. ჭორად მეც ხომ შემიძლია ვთქვა, რომ ახალაიას მეგობრები არიან ნიკა მელიას მხარეს... ეს ხომ საჯაროა? ნიკა მელიას მხარს რომ უჭერდნენ იმ ადამიანების დიდი ნაწილი ახალაიას მეგობრები არიან"- თქვა ხაბეიშვილმა.